Tuesday, May 20, 2008

რა არის იტალიური სამზარეულო?

რა არის იტალიური სამზარეულო?




ალბათ ბევრისთვის ეს გემო ძალიან პოპულარულ კერძებთან ასოცირდება: პიცა და პასტა (ჩვენში მაკარონი). მაგრამ სინამდვილეში იტალიური სამზარეულო იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მის აღწერას ჩემი ბლოგის სივრცე არ ეყოფა :). სამწუხაროდ იტალიაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ბევრი მსმენია მათგან ვისაც ეს ბედნიერება ხვდა წილად, რომ იტალიელების სამზარეულო არა მხოლოდ რეგიონებით და ქალაქებით არამედ ერთმანეთისგან სულ რამდენიმე კილომეტრით დაცილებული დაბებითაც კი განსხვავდება. თითქმის ყველა ქალაქს აქვს თავისი და განუმეორებელი ძეხვი, ყველი, ღვინო და პური.ერთი და იმავე დაბაში ორ იტალიელს რომ კითხო, თუ როგორ მზადდება ნამდვილი იტალიური პასტა, ორ სხვადასხვა რეცეპტს მიიღებ. მართალი რომ გითხრა, როგორც ქართველს ეს არ მიკვირს და მეტიც, კარგად მესმის კიდეც, მაგრამ მათი რეგიონული კულინარიული ტრადიცია ჩვენთან შედარებით გაცილებით ძლიერია. გინდა საუკეთესო რიზოტო? წადი მილანში, ტორტელინი? ბოლონიაში, პიცა? ნეაპოლი, ნეაპოლი!პიცის ისტორია საინტერესო და ძველია. მისი ვარიაციები, ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ხალხისთვის იყო ცნობილი.
მას შემდეგ რაც კოლუმბმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სავაჭრო გარიგება მოახდინა, პომიდორი, დღევანდელი პიცის აუცილებელი ინგრედიენტი, მას მხოლოდ მე-16 საუკუნეში შეუერთდა. თვითონ პიცის პრინციპი, სხვადასხვა ინგრედიენტების ცომზე, როგორც თეფშის შემცვლელზე დადებისა, ძალიან ძველია. ის ბევრი სხვა ქვეყნის კულტურაშიც გვხვდება, მათ შორის საქართველოშიც (აჭარული ხაჭაპური, კუბდარი). რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა იტალიელების მოგონილი არ არის, მაგრამ უდაოა ის რომ სწორედ იტალიელების მიერ შეიქმნა ამ კერძის უამრავი ვარიაცია, სწორედ მათ გახადეს მთელი მსოფლიოსთვის (მთელის თუ არა, დიდი ნაწილისთვის მაინც :) ) პიცის სახელი ახლობელი და ნერწყვისმომგვრელი. ეს ის პიცაა თხელ ხრაშუნა ცომზე, ხან რბილი, ჰაეროვანი ქამა სოკო და ხან არომატული, ნივრიანი იტალიური ძეხვი რომ შეგხვდება . . . და პიცა პეპერონნე, პიცა თინუსით . . .? სად არის უახლოესი პიცერია?!!!
ერთი შეხედვით ღარიბების საჭმელმა, “რაც დარჩებოდათ იმას ყრიდნენ ცომზე-ო” :), ძალიან მალე ჯერ იტალია და მერე მთელი მსოფლიო დაიპყრო. ღარიბების საჭმელი არისტოკრატების სპეციალურ კერძად იქცა.. .




1889 წელი- პარიზში გაიხსნა ეიფელის კოშკი, ამერიკაში მზის სრულ დაბნელებას აკვირდებიან, ბრაზილია რესპუბლიკად გამოცხადდა, დაიბადა ჩარლი ჩაპლინი, ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ 4 ახალი შტატი შეუერთდა, დაიბადა ადოლფ ჰიტლერი, სან-ფრანცისკოში პირველი jukbox-ი ამუშავდა, ნეაპოლში თავისი მეფობის მე-11 წლის თავზე ჩამოვიდა მისი აღმატებულება მეფე უმბერტო-I მეუღლესთან მარგერიტა (მარგარიტა) ტერეზა გიოვანნა-სთან ერთად . . .




რაფაელ ესპოზიტოს, რომელიც იმ დროს ნეაპოლში სახელგანთქმული მზარეული იყო მეფის პროტოკოლმა სამეფო ოჯახისთვის განსაკუთრებული პიცის გამოცხობა შეუკვეთა. ესპოზიტომ, როგორც ჭეშმარიტმა ოსტატმა 3 სხვადასხვა სახის პიცა გამოაცხო, მაგრამ ერთი მათგანი ყველასგან გამორჩეული იყო. იტალიის დროშის ფერებში (tricolore) გამოწყობილი პიცა წითელი (პომიდორი), თეთრი (ყველი მოცარელა) და მწვანე (იტალიური რეჰანი) თხელი, გამჭვირვალე, ჰაერში 1000-ჯერ აფრიალებული ცომისგან დამზადდა. ესპოზიტომ იგი დედოფალს მიუძღვნა და მარგერიტა დაარქვა. ასე გაჩნდა მსოფლიოში სახელგანთქმული ნამდვილი ნეაპოლიტანური Pizza alla Margherita.
პიცაში, ალბათ ცომი უმთავრეს როლს ასრულებს. ერთხელ მაინც თუ გინახავს პიცის მცხობელი ცომის დამუშავებისას? ეს ნამდვილი ცეკვაა, ნამდვილი მაჩოს ცეკვა, რომელიც ცომს როგორც ქალს ხელში იტაცებს და თავსზევით ათასგვარ პირუეტს აკეთებს. . .
პიცა დღეს იმდენად ინტერნაციონალური კერძი გახდა რომ ნამდვილად აღარ აქვს მნიშვნელობა მზარეულის ეროვნებას. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი პიცა, რაც მე მაქვს გასინჯული, იყო გერმანიაში, არ გაგეცინოს. ჩვენი სპარსი მეგობრის ჰამიდის მიერ დამზადებული. ჰამიდი მრავალმხრივ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი იყო. მუსიკის, მხატვრობის, არტ-კაფეს მენეჯერობის და 8 (!) ცოლის გარდა კულინარიასაც კარგად ართმევდა თავს. მისი პიცის ცომის ექკლუზიური რეცეპტი დღესაც მაქვს შენახული: თხელი, მსუბუქი, ხრაშუნა და ამავე დროს ძლიერი ცომი, აი ეს არის ნამდვილი პიცა! თუ გინდა ნამდვილად დატკბე იტალიური კულინარიის ერთ-ერთი შედევრით, არასდროს არ იყიდო სუპერმარკეტის ან ჰიპერმარკეტის გაყინული პიცა და როდესაც რომელიმე პიცერიაში შეუკვეთავPizza alla Margherita–ს გახსოვდეს რომ მას დედოფალის სახელი ქვია.

ერთხელ ჩვენს მეგობარს, რომლის გვარს გასაგები მიზეზების გამო არ დავასახელებ, სრულიად “ჩვეულებრივად” ვეხუმრეთ:
- ოთარ იცი “შურუპი” ვინ გამოიგონა?
- არა
- შუა საუკუნეებში იტალიელი ბერი ცხოვრობდა, ჯაკომო შურუპი. იმის იდეა იყო ლურსმნის ხრახნით შეცვლა . . .
- მართლა? არ ვიცოდი- თქვა ოთარმა ჭეშმარიტად ინტელექტუალის ღირსებით გაჟღენთილი ხმით და ვითომც არაფერი ისე განაგრძო წიგნის კითხვა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი და ჩვენი საერთო მეგობრის კამათს მოვკარი ყური:
ოთარი - . . . ნამდვილად გეუბნები ჯაკომო შურუპი ერქვა!!!. . .

დაახლოებით ასეთივე ხუმრობის თუ დეზინფორმაციის მსხვერპლია იტალიური პასტაც. ამბობდნენ, რომ პასტა მარკო პოლომ ჩინეთიდან შემოიტანაო, იმასაც ამბობდნენ რომ მარკო პოლოს ერთ-ერთმა მეზღვაურმა პირველმა დაინახა თუ როგორ ამზადებდა ჩინელი გოგო გრძელ პასტას და რომ ამ მეზღვაურის გვარი სპაგეტტი იყოო.
ბევრ რამეს ამბობდნენ და ამბობენ დღესაც, მაგრამ ფაქტი ის არის რომ პასტა ანტიკურ ხანაშიც და შუა საუკუნეებშიც იყო. ხორცით, წიწაკით, ხახვით თუ ზაფრანით, თაფლით, თხილით თუ ტკბილი ყველით, ის ყოველთვის იყო. ის შოკოლადზე 500 წლით უფროსია (მართალია მაწონზე 3000 წლით ახალგაზრდაა, მაგრამ 2000 წელი ქრისტესშობამდე მაინც მის სასარგებლოდ მეტყველებს) :):)



ალიელებს პასტას მრავალფეროვნება ხელოვნების რანგში აქვთ აყვანილი. ტრადიციული იტალიური სადილი შეიძლება ნამდვილ დღესასწაულად იქცეს დახელოვნებული მზარეულის მიერ გულით მომზადებული კერძების და კარგი იტალიური ღვინით.
მშია!!!!!

No comments: